შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ის ძალისხმევა გააცნო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი ცხედრის გადმოცემის უზრუნველსაყოფად გასწია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებს.
შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.