ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენი ამოცანაა თითოეული ჩვენი მოქალაქის შემოქმედებისა და ნიჭის პოპულარიზაცია“

26 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრები თანამედროვე, ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენას დაესწრო.

აზერ მოსაოღლუს, ალი ალიევის, რასიმ გასანოვისა და რიზვან ისმაილოვის სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა. ახალგაზრდა მხატვრებს დღემდე არაერთ გამოფენაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

“მინდა დავადასტურო სახელმწიფოს მზაობა იმის თაობაზე, რომ ჩვენი ამოცანა გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, შემოქმედების, ნიჭის, ნამუშევრების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ხელოვნების ენას ეთნიკური ნიშანი არ გააჩნია. იგი  საერთაშორისო ენაა. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის  საშუალება, რომ კულტურული თვითმყოფადობა გამოხატო და ვფიქრობ, რომ დღეს ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი - ნიჭი და კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენა.

“თქვენ იცით, რომ სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანა ის გახლავთ, რომ გვქონდეს ქვეყანა, ჩვენი საერთო სამშობლო, სადაც თითოეული ჩვენგანი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, თანასწორია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ ა.შ.“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ახალგაზრდა მხატვრისათვის, აზერ მოსაოღლუსათვის აღნიშნული გამოფენა მესამეა. მანამდე მისი ნამუშევრები რუსთავის მუზეუმსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გამოიფინა.

„ამ გამოფენაზე ჩემი ექვსი ნამუშევარია წარმოდგენილი. ჩემი ნამუშევრები ძირითადად გრაფიკული და სურრეალური ხასიათისაა. თემა კი ეკოლოგიური პრობლემები გახლავთ. ჩემს ნახატებში ცხოველებსაც და ადამიანებსაც ნიღბები უკეთიათ და ეს ერთგვარი პროტესტია  გარემოს ეკოლოგიურად დაბინძურების გამო“,- განაცხადა მან.

გამოფენის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და განათლების ცენტრი“. მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიები.