ქეთევან ციხელაშვილი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

26 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (LSE) სტუდენტებს შეხვდა.

7 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ 12 სტუდენტს მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას, უსაფრთხოებისა და  ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ყოველდღიურად ექმნება. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, შერიგებისა და ჩართულობის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებს. განიხილეს ჯანდაცვის მიმართულება, კერძოდ ის სახელმწიფო პროგრამები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის ხორციელდება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სახალხო დიპლომატიის როლს კონფლიქტების მოგვარების კუთხით და აღნიშნა, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო.

მიმოიხილეს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერის მნიშვნელობა კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. მინისტრმა უპასუხა სტუმრების კითხვებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატსა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ვიზიტი ლონდონში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბის “Grimshaw“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი ქვეყნის, მიღწეული პროგრესისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გეგმავენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი ჩასახლების ადგილზე, სოფელ წეროვანში ჩასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას.