ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდი გაიმართა

29 მარტი 2018
27-28 მარტს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 43-ე რაუნდი გაიმართა. განხილვის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, ძალის არგამოყენების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარება იყო. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ.

საქართველოს დელეგაციამ  არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას,  როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აგრეთვე დაისვა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საკითხი. ქართულმა მხარემ სამართლის აღსრულება და დამნაშავეების მოითხოვა.

საქართველოს დელეგაციამ ასევე გაამახვილა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მცხოვრები  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარვევის ფაქტებზე. კერძოდ აღინიშნა: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, მოსახლეობისთვის საკუთრ მიწებზე წვდომის უზრუნველყოფა და მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები. ასევე,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი. 

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება დაისვა. თუმცა, საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, შეხვედრა წინა რაუნდების მსგავსად კვლავ დატოვეს.                              

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მუშაობა ტრადიციულად ორ - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში წარიმართა. ჰუმანიტარულ ჯგუფში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.  

ჟენევის დისკუსიების შემდგომი - 44-ე რაუნდი 2018 წლის ივნისში გაიმართება.