„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ

4 აპრილი 2018
ქვეყნის დინამიური განვითარების გზაზე საქართველოს მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი არის მშვიდობა, რაც პროგრესის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და დაცულობის წინაპირობაა.  

მშვიდობა და განვითარება წარმოადგენს არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომელსაც ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნია.  

ამ მიდგომის საყრდენია შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რაც გულისხმობს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას და იმ მოსახლეობაზე ზრუნვას, რომელიც მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს ყოველდღიურად განიცდის.  

საქართველოს მთავრობის პოლიტიკისათვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი უფლებები და ღირსება. შესაბამისად, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტულია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობისათვის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდეც, შეიქმნას შესაძლებლობები ღირსეული აწმყოსა და მომავლისათვის.  

ამის მიღწევა შესაძლებელია პრაგმატული და ჰუმანიტარული მიდგომებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების წახალისებით, საზოგადოებრივი დიალოგით, გახსნილობით და პროაქტიული ნაბიჯებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მზად არის გადადგას ახალი და დინამიური ნაბიჯები, რასაც საფუძვლად უდევს მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები, პრაგმატული ინტერესები, სწრაფვა განვითარებისა და უკეთესი მომავლისკენ.  

საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მიზანია ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ახალი შესაძლებლობებისა შექმნისა და ხელშესახები სარგებლის მიღების, შიდა და საგარეო ბაზრებზე წვდომის, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების და ურთიერთობების, მიმოსვლის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სამშვიდობო პროცესის გააქტიურებისათვის. შესაბამისად, წარმოდგენილი ინიციატივა მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს. ამასთან, ამ ინიციატივის სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, იძლევა შესაბამის დაინტერესებულ აქტორებს შორის ჩართულობის, დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც საქართველოს მთავრობის უპირატესი ამოცანაა.

წარმოდგენილი ინიციატივა არის ცალსახად კონსტრუქციული და ემსახურება ჰუმანიტარულ ამოცანებს. მთელი რიგი საკითხების გადაჭრა შესაძლებელია პოლიტიზების გარეშე, ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით და ზოგიერთ შემთხვევაში − დეპოლიტიზირებული/სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტებისა და ფორმატების გამოყენებით.  ამასთან, ჰუმანიტარული და შერიგების ამოცანების გათვალისწინებით სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენება არ ნიშნავს „სტატუს-ინდიფერენტულობას“ ან სტატუსის საკითხის გადახედვას, არამედ კონკრეტული ჰუმანიტარული ამოცანის შესრულებისას, საკითხების დეპოლიტიზაციას სტატუსის თემასთან შეხების გარეშე. ეს მიდგომა გაზიარებულ უნდა იქნეს ყველა ჩართული აქტორის მიერ.  

წარმოდგენილი ინიციატივა - ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ - ეფუძნება მოქნილ და პრაგმატულ ხედვას, ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული მხარის კონსტრუქციული მონაწილეობისთვის და ხორციელდება საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - სამშვიდობო ინიციატივა ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ