„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარება

4 აპრილი 2018
წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ასახავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და მიდგომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და გამარტივების, განათლების ყველა საფეხურისადმი ხელმისაწვდომის, ხარისხიან განათლებაზე წვდომის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

განათლების მიღების ხელშეწყობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. საქართველოს მთავრობა დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ფარგლებში, უზრუნველყოს ახალგაზრდების სათანადო ცოდნით აღჭურვა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება.

გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად და მონაწილეობა მიიღოს ერთიანი მომავლის მშენებლობაში. შესაბამისად, მათი ბედი, განათლება და კეთილდღეობა განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს სათანადო, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის განათლების მიღება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განათლების შესაძლებლობების განვითარება, უშუალოდ ეხმიანება არსებულ ინტერესს და საჭიროებებს.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია რიგ გამოწვევებსა და დაბრკოლებებთან. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა. ამ მხრივ გამორჩეულად მძიმე მდგომარეობა არის გალის რაიონში, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ გავლილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ავტორიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული დაწესებულებები არ არიან ჩართულნი ბოლონიის პროცესში და სწავლის პროცესი არ ხორციელდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შედეგად, ამ რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებული პირები ფლობენ საერთაშორისო თვალსაზრისით არალეგიტიმურ საგანმანათლებლო დოკუმენტებს და არ აქვთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

არსებული მდგომარეობა აისახება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირების განათლების ხარისხზე და ართულებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტის განათლებაზე ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები პირების, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან შემუშავებულია განსაკუთრებული მიდგომა, რაც გულისხმობს სპეციალური პირობებისა და პროგრამების შეთავაზებას, განათლების ყველა საფეხურისადმი წვდომის და ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

საქართველოს მთავრობის მიდგომა და ხედვა ეფუძნება არჩევანის თავისუფლების, თანამშრომლობის, თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო თანასწორობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირებს შეიძინონ წარმატებისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და განავითარონ უნარები.

ამასთან, საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მეორე სახელმწიფო ენის შენარჩუნება და დაცვა, რაც გულისხმობს როგორც აფხაზური ენის ცოდნისა და შესწავლის ხელშეწყობას, ისე აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის კვლევას და შემდგომ განვითარებას. აღნიშნული მიდგომა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ნაწილია და ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის მიმართულებით.

შედეგად, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისათვის:

  •  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა;
  • აფხაზური ენის დაცვა და განვითარება;
  • განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების განვითარება და გამარტივება;
  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და სწავლის გაგრძელების გამარტივება, ხარისხიან განათლებაზე წვდომა; 
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის შესაბამისი მექანიზმებისა და პროცედურების შექმნა/გამარტივება; 
  •  პროფესიული განათლების მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; 
  •  სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა.
ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - სამშვიდობო ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარება