ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო

5 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ახალი სამშვიდობო ინციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განიხილა.

შეხვედრას  40-მდე ექსპერტი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა.  სახელმწიფო მინისტრმა მათთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რასაც სამშვიდობო ინიციატივა გულისხმობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„ინიციატივა პირველ რიგში, სწორედ მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს ეხმიანება და გათვლილია იმაზე, რომ გაუმჯობესდეს მათი სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა  და ამით შეიქმნას საფუძველი გამყოფი ხაზების გასწვრივ ურთიერთობების, ხალხთა შორის კონტაქტების, თანამშრომლობისა და დიალოგის წახალისებისთვის, რაც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„დღეს ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩართულნი არიან სამშვიდობო პროცესში, ნდობის მშენებლობაში, სახალხო დიპლომატიაში, რომელთაც შეხება აქვთ გამყოფი ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრეთ. სამუშაო პროცესშიც ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა,  მათ შორის ექსპერტებთან, რათა სამშვიდობო პაკეტის შინაარსი  არსებულ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო. დღეს უკვე იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება მის იმპლემენტაციას შევუწყოთ ხელი.

„არსებული გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენ უკვე წლების განმავლობაში გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სირთულეა, მაგრამ  სამშვიდობო ინიციატივა არის  ჩვენი მხრიდან იმის განაცხადი, რომ დროა ამ სიტუაციის სრული სიმწვავე და სიმძიმე გავაანალიზოთ. ასევე  ის მძიმე შედეგები, რაც მას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის მოყვება და საჭიროება, რომ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სათანადო ნაბიჯები გადაიდგას.“

„ამ პაკეტს შემთხვევით არ ქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. ეს სათაური სრულად ასახავს სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ამ ინიციატივების ამოქმედება შესაძლებელი გახდება, რადგან იგი იგი ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად და ხშირ შემთხვევაში დეპოლიტიზირებული ინსტრუმენტების გამოყენებით ეხმიანება მოსახლეობის საჭიროებას,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.