საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ოფიციალური პირები განცხადებებს ავრცელებენ, სადაც ისინი სამშვიდობო ინიციატივას პოზიტიურს უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილი წინადადებების პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებისკენაა მიმართული,“ - ასე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას აშშ-ის საელჩო საქართველოში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ღონისძიებები მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო სახსრების გაუმჯობესებასა და განათლების ხელმისაწვდომობას.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მოგვიანებით, ანალოგიური გზავნილი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰეზერ ნაუერტმა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ინიციატივას, რომელიც „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა სოციალ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „აშშ-იმიესალმება საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ინიციატივებს მხარდაჭერა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰაიკე ფაიჩიმაც გამოუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ წამოწყება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
„ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას. როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
ინიციატივებს იწონებს ევროკავშირიც. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა, მაია კოჩიანჩიჩმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით.
„ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა“, -ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, ევროკავშირი „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას; ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოიყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში“.
მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა ინიციატივებს დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტიმ:
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ეს არის მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ამას მივესალმებით. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ მოხდეს მათი საჭიროებების გათვალისწინება და უკეთესი მომავლის მიღწევა,“ - წერს იგი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
მთავრობის მიერ მიღებულ ინიციატივას საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანიც გამოეხმაურა.
„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ეს ნათლად მიანიშნებს საქართველოს ურყევ მოწადინებაზე სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობასთან იყოს ჩართული“, - წერს იანოშ ჰერმანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
„ეს არის სწორი სვლა!” – აცხადებენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში -„ ჩვენი მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან.“
„მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც მიმართულია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობებისაკენ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი! გერმანია მხარს უჭერს მას,“ - წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ელჩი ანდრეას პეშკე.
ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, ჯოშ დოუმამ ასევე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს „მამაცი“ ინიციატივაა და ის „ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერას“ იმსახურებს.
ჩართულობისაკენ გადადგმული „თამამი ნაბიჯი“ უწოდა ინიციატივებს შევდეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქმაც და აღნიშნა, რომ იგი „სერიოზულ მხარდაჭერის“ ღირსია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 4 აპრილს დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე - ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.