სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩატარდა.
კონკურსის მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა იყო.
საკონკურსო ნამუშევრების (სპექტაკლების) შეფასების კომისიის მიერ სამი საპრიზო ადგილი (I, II, III) და ჟიურის სიმპათია გამოვლინდა. პირველის ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი თბილისის №96 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი წილად ხვდა, ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას. ჟიურის სიმპათია კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა გახდა.
კონკურსის გამარჯვებულებს დღეს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. მოსწავლეებმა თავიანთი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები წარმოადგინეს. დასასრულს კი ისინი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დააჯილდოვეს.
სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელოაზე ისაუბრა.
„ბავშვებმა მართლაც ძალიან შთამბეჭდავი სპექტაკლები მოამზადეს. ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, შემოქმედებითი გზა იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის, სახელმწიფო ენის ფლობა ნებისმიერისათვის, რათა წარმატებული იყოს ყველა სფეროში. ბავშვები ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ. ეს არის ჩვენი სახერლმწიფოებრიობისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი სვეტი. ამისათვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების ადამიანები, რომ ქართული ენა შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ და განევითარებინათ.
„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი ვალია, რომ ამ ჩვენს უნიკალურ სიმდიდრეს გავუფრთხილდეთ, შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს სახელმწიფო ენის სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობა. ბუნებრივია, მშობლიურ ენასთან ერთად, საკუთარი თვითმყოფადოის შენარჩუნების პარალელურად, რადგან მართლაც ესაა გასაღები წარმატებისაკენ ჩვენს საერთო სამშობლოში - საქართველოში“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კონკურსის ორგანიზატორი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.