ფოთში ვაინახური კულტურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პანკისელი უხუცესები დაესწრნენ

20 აპრილი 2018
ფოთში ვაინახური კულტურის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას, რომელსაც "ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა" უმსასპონძლა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი  მოადგილე ლაშა დარსალია დაესწრო.

სპეციალურად ღონისძიებისათვის ფოთს პანკისელი უხუცესები ესტუმრნენ.    შეხვედრაზე  „ქისტი ხალხის ფენომენზე  ქართულ სინამდვილეში  და ქართულ ვაინახური ურთიერთობების ათასწლოვან დინამიკაზე" ისაუბრეს. სტუმრებმა მოისმინეს ქართულ-ვაინახური მუსიკალური ნომრებიც პანკისელი და ადგილობრივი მუსიკოსების შესრულებით. გაიმართა, ვაინახურ თემაზე შექმნილი, წიგნების პრეზენტაცია.

ლაშა დარსალიამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და მათ როლსა და წვლილს ხაზი გაუსვა. მისი თქმით, საამაყოა, რომ ქართველებსა და ქისტებს მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა, მჭიდრო ისტორიული და კულტურული სიახლოვე აკავშირებს.

„მისასალმებელია, რომ ქისტებმა, საქართველოში ცხოვრების  პერიოდში ქართული კულტურის მრავალი ელემენტი შეითვისეს, მაგრამ საკუთარიც შეინარჩუნეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნიკური ჯგუფის კულტურა და თვითმყოფადობა დაცული იყოს, მაქსიმალურად წარმოჩინდეს.

„ვაპირებთ სამომავლოდ განვაგრძოთ მუშაობა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა თანასწორი იყოს,“  - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

ღინისძიება ფოთის მერიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება.

ღონისძიებას ასევე დაესწრო ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, უნივერსიტეტის რექტორი და  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.