შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
სესიაზე სახელწოდებით, „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: მდგომარეობა გამყოფი ხაზების გასწვრივ ომიდან 10 წლის შემდეგ“ ქეთევან ციხელაშვილმა მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის სახით აქვს. იგი შეეხო ასევე იმ პრობლემებს, რომლებიც უსაფრთხოების გამოწვევაა არამხოლოდ გეოპოლიტიკურ ჭრილში, არამედ ყოველდღიურ ძალიან მძიმე პირობებს ქმნის ხელოვნური გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის.
მან ასევე ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება, ასევე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ამ გამოწვევების თავიდან აცილების გზებზე.
სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
„ეს არის ქმედითი ნაბიჯი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა თანმიმდევრული, ძალიან პრინციპულია. ორიენტირებულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათთვის მძიმე პირობების გაუმჯობესებაზე და ასევე, ბარიკადების მიუხედავად, ხიდების აღდგენაზე, ნდობის მშენებლობაზე, დიალოგსა და შერიგებაზე, რაც მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
სესიის შემდეგ გაიმართა დისკუსია, აუდიტორიის კითხვებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა უპასუხა.
საერთაშორისო ფორუმი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი ბათუმში საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობით იმართება.