ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოვა

26 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოვა.

სახელმწიფო მინისტრი კომიტეტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას გააცნობს. ისაუბრებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ათასობით ადამიანისათვის ყოველდღიურად იქმნება.

სხდომის დასასრულს კი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებასა და რეკომენდაციებს მიიღებს.

„დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, ასევე იქნება ის უდიდესი ტრაგედია, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორების მყარი მხარდაჭერა იმაში, რომ ეს გამოძიება ეფექტურად წარიმართოს, ხელი არ შეეშალოს და გამოიკვეთონ ამ ძალიან მძიმე დანაშაულში პასუხისმგებელი  პირები.

„ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ადგილზე ძალიან რთული სიტუაციაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა.  ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პირობებში. ამიტომ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და მობილიზებული ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია მთელი რიგი საკითხების მიმართულებით. მათ შორის იმისათვის, რომ რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, ჩვენ გვქონდეს გარკვეული პროგრესი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და რა თქმა უნდა, გადავდგათ ნაბიჯები იმისაკენ, რომ დღეს კონფლიქტით, მავთულხლართებით დაშორიშორებულ საზოგადოებაში აღვადგინოთ ნდობა და წავახალისოთ შერიგების პროცესი.

„ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებთ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გახლავთ პაკეტი მთელი რიგი ცვლილებებისა. დღეს პარტნიორებთან პაკეტის შინაარსზე და ამ ნაბიჯის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ. თქვენ უკვე მოისმინეთ ძალიან მტკიცე მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა დღესვე მიღებულ რეზოლუციაშიც აისახება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი და ევროპარლამენტი მუშაობენ სპეციალური რეზოლუციის მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, რათა მივაღწიოთ დეოკუპაციას, ჩვენი ხალხის შერიგებასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა დღეს მეექვსედ გაიმართება. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად, ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმენენ.