ლაშა დარსალია: „ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომელთათვისაც იარა კიდევ ერთხელ განახლდა“

26 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია დიღმის  ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების ნეშტების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ უდიდეს სევდას და ტკივილთან ერთად, დღევანდელი დღე, ერთგვარი შვებაც არის.  

„ეს ტრაგედია თავს კიდევ ერთხელ გვახსენებს. ამდენი წლის შემდეგ ტკივილი ჯერ კიდევ  მოუშუშებელია და ჭრილობა ისევ ღიაა. ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომელთათვისაც იარა კიდევ ერთხელ განახლდა.

„ეს საერთო ტრაგედიაა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისათვის, რომელთაც ახლობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს. დროა, შემდეგმა თაობებმა ტკივილი გადალახონ, მოძებნონ საერთო ენა და საერთო თანაცხოვრების პრინციპები“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული 18 მებრძოლისა 4 მშვიდობიანი მოქალქის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა.