ლაშა დარსალია მეჯვრისხევში მოსახლეობას შეხვდა

27 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობას შეხვდა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა გააცნო.

ნატოს დღეების ფარგლებში გამართულ შეხვედრას, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული ადამიანებიც ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ნოზაძეც ესწრებოდა,  განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები.

„შეხვედრის მიზანია მოსახლეობას გავაცნოთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება - ჩვენი საგარეო პოლიტიკის ეს მთავარი მიმართულება. გარდა ამისა, ამ შეხვედრების ამოცანაა სხვადასხვა უწყებების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, დეტალურად იყოს წარმოდგენილი თუ რა ხდება ამ კუთხით.

„უშუალოდ ამ შეხვედრაზე მოსახლეობას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა გავაცანით, მისი ძირითადი პრინციპები და საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ვისაუბრე იმაზე, თუ რას გულისხმობს იგი, რა არის ძირითადი მიმართულება და როგორ იგეგმება მისი განხორციელება. ეს ყველაფერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჭრილში იყო წარმოდგენილი. მოსახლეობას კითხვებიც ჰქონდა, რომელთაც ამომწურავი პასუხები გავეცით“ , - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ნატოს დღეები საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება. იგი 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისს დასრულდება. ღონისძიებების მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.  აღნიშნული დღეების ფარგლებში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური შეხვედრა-დისკუსიები იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს 8 რეგიონში (კახეთი, შიდა-ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო-ქართლი).

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.