შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ნატოს საინფორმაციო ცენტრში გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების პედაგოგებისთვის გამართული სემინარის დასკვნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა.
ორდღიანი სემინარი საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით „ნატოს დღეები 2018“ ფარგლებში გაიმართა.
პედაგოგები ორი დღის განმავლობაში სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე და ა.შ.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარის - „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დასკვნით ნაწილში პედაგოგებმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს უმასპინძლეს. ლაშა დარსალიამ მსმენელებს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას, ხაზი გაესვა პედაგოგების განსაკუთრებულ როლს სწორი ინფორმაციის გავრცელებაში.
შეხვედრა ფართო დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სემინარის დასასრულს ლაშა დარსალიამ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა.