ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა

30 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ცხადდება კონკურსი ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგ კურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად.

სასწავლო კურსის მიზანი  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა.   მასში მონაწილეობის მიღება ქვემო ქართლში მცხოვრებ, ბიზნესის დაწყების მსურველ ქალებს  შეუძლიათ.

სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას სხვადასხვა თემაზე. მათ შორის: ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება; ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა; მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა; ბიზნეს მოდელირება; კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ.

კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.

კონკურსი ცხადდება ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.