ქეთევან ციხელაშვილი: “თანმიმდვრულობით, მშვიდობიანი, ხალხზე გათვლილი და მათ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს“

1 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის თემატურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიაზე  სახელწოდებით „სახალხო დიპლომატიის როლი საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებაში“ განხილული იყო სტრატეგიული კომუნიკაციისა  და  სახალხო  დიპლომატის როლი საზოგადოების  ინფორმირების  გაზრდაში. ასევე უსაფრთხოების  ახალი გამოწვევები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. სესიის მონაწილეებმა  დეზინფორმაციის წინააღმდეგ   განათლებისა და მედიაწიგნიერების საშუალებით ბრძოლის მეთოდებზეც იმსჯელეს. 

ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე, როგორც გავლენის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რომელსაც რუსეთი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა  ბევრ ქვეყანაში იყენებს. 

სახელმწიფო მინისტრის თქმით,   „პროპაგანდას და ინფორმაციულ გავლენას გარკვეული  გეოგრაფიაც გააჩნია ჩვენს ქვეყანაში, იმ სამწუხარო ვითარებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ არის  ოკუპირებული და იქ არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმების წვდომა, საინფორმაციო სივრცე კი   დახურული და კონტროლირებადია.

"საინფორმაციო პროპაგანდა ჯერჯერობით გამოწვევად რჩება ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც,  რაც სახელმწიფო ენის არასაკმარის დონეზე ფლობასა და უცხოური არხებიდან ინფორმაციის მიღებას უკავშირდება“.

ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ,  რომელიც  პროპაგანდის და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების წინაააღმდეგ არის მიმართული.  ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე, რაც  უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში,   მშობლიურ ენასთან ერთად,  სახელმწიფო ენის საფუძვლიანად შესწავლას  გულისხმობს. 

„ნატოს კვირეული ქვემო ქართლში იმის ხაზგასასმელად დაიწყო, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა   მიიღონ სრული ინფორმაცია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის  მნიშვნელობის შესახებ და ამის ასახსნელად ჩვენს კამპანიას კიდევ უფრო გავააქტიურებთ.

„რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენთვის აუცილებელია პროაქტიული და დინამიური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება. დღეს არის პარლამენტში პირველი საკომიტეტო მოსმენა ახალი სამშვიდობო ინიციატივისა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც  ახლახანს გავასაჯაროვეთ. იმედი მაქვს პარლამენტი მას მხარს დაუჭერს და ჩვენ დავიწყებთ ამ ინიციატივების განხორციელებას, რაც არის ერთ-ერთი გზა ხალხთა შორის კონტაქტის გააქტიურებისაკენ. თანამიმდევრულობით, მშვიდობიანი, ხალხზე გათვლილი და მათ ინტერესებზე მორგებული  პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა