ეროვნულ ბიბლიოთეკაში მაია მარგოშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

1 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  ორგანიზებით ქისტი მწერლისა და პოეტის, მაია მარგოშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში, სახელწოდებით „თეთრი ღამეების კავკასიური სონატა“, შესულია ავტორის ლექსები და ნოველები და ილუსტრირებულია ცნობილი ჩეჩენი მხატვრის რუსლან ხასხანოვის ტილოებით.

ავტორის თქმით,  წიგნზე მუშაობისას მისი მთავარი მიზანი ქართველი და ქისტი ხალხის ძმობისა და მეგობრობის ხაზგასმა იყო.

„ჩემი ნოველები რეალური ისტორიებია. ღმერთისგან ბოძებულ ფენომენში - სიცოცხლეში, ადამიანური ურთიერთობები მთავარია და სწორედ ამ ურთიერთობათა სითბომ და მუხტმა განაპირობა  წერის დაწყება.

„არ ვიცი როგორ მიიღებს საზოგადოება  ჩემს ნაწერებს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი თერაპიასავით მოერგოთ ადამიანებს, რომელთაც რაღაც სტკივათ. ჩემი მთავარი მესიჯი ქართველებისა და ქისტების თანადგომაა ჭირშიც და ლხინშიც,“ - განაცხადა მაია მარგოშვილმა.

პრეზენტაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია დაესწრო, რომელმაც ღონისძიებას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ კრებულით მკითხველი ძალიან ისიამოვნებს.

 „ღონისძიების ორგანიზებაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად იყო ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების და მათ შორის ქისტების ტრადიციების, კულტურის განვითარება და დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება. კიდევ ერთხელ გავეცანით ქისტი ხალხის  უნიკალურ შემოქმედებას,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციას დაესწრნენ ქისტი უხუცესები, ქართველი და ქისტი საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები, სტუმრები სანქტ-პეტერბურგიდან. საღამო მექა ხანგოშვილს მიჰყავდა.  ქისტმა  სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთ-ერთ ნოველა, წაიკითხეს  ავტორის ლექსები. შესრულდა მუსიკალური ნომრები.