საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საპარლამენტო განხილვები დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც 4 აპრილს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, დღეს პარლამენტის სამ კომიტეტში იმსჯელეს.
თავდაპირველად ინიციატივაში შემავალი საკანონმდებლო პროექტები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განიხილეს, სადაც იგი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ წარადგინა.
მოგვიანებით საკითხზე უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს, სადაც დეპუტატებს ინიციატივის დეტალები სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააცნო.
მისი თქმით, პარლამენტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინიციატივის განხორციელება დაიწყოს. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ამ ინიციატივით საქართველოს ხელისუფლება დგამს ახალ, ქმედით ნაბიჯს შერიგებისა და ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში.
„წარმოდგენილი ინიციატივა და პაკეტი არის ცალსახად კონსტრუქციული. ის არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. იგი მოიცავს საქართველოს მთავრობის, საზოგადოებისა და მთლიანად ქართული მხარის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს და ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული აქტორის თანამონაწილეობისათვის, დიალოგისა და თანამშრომლობისათვის.
„ჩვენი გაცხადებული და ქმედითი პოლიტიკა გახლავთ ის, რომ ადამიანებს, რომელთათვისაც გადაუჭრელი კონფლიქტი წლების განმავლობაში ყოველდღიური გამოწვევაა, შევუმსუბუქოთ ძალიან მძიმე ვითარება როგორც ჰუმანიტარული, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და ამით შევქმნათ საფუძველი გახლეჩილ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, დიალოგის, მიმოსვლის, კონტაქტების წახალისებისა და ნდობის მშენებლობისათვის.
„ამ ყველაფრის გაჟღერებამდე არაერთი კონსულტაცია გვქონდა მათ შორის გამყოფი ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან და ზუსტად ვიცი, რომ ინიციატივა და მასში წარმოდგენილი წინადადებები ეხმიანება მათ რაციონალურ ინტერესებსა და საჭიროებებს. რა თქმა უნდა, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით არ იქნება მარტივი, მაგრამ მზად ვართ გადავდგათ კოორდინირებული ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან და დარწმუნებული ვარ თანმიმდევრულობით, პრინციპულობითა და კონსტრუქციული მიდგომით, რომელიც ამ ინიციატივაში კიდევ ერთხელ გამოვლინდა, დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად მივაღწევთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღებაზე წვდომას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება.