ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე იმსჯელეს

8 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა    ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრებს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარუდგინა.

სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს  ყველა ის მიმართულება გააცნო, რომელსაც ინიციატივა მოიაზრებს. დეტალურად განიხილეს მის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

“დღეს კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ გავაცანი სამშვიდობო ინიციატივა და საკანონმდებლო ცვლილება, მათი არსი, შინაარსი და დატვირთვა. ვფიქრობ საინტერესო დისკუსია შედგა.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ინიციატივა სწორედ ამ ფორმატში განხილულიყო, რადგან პარლამენტში ამ საკითხებზე სწორედ ეს კომისია მუშაობს. საპარლამენტო სესიაზე პირველი მოსმენით ინიციატივა მიღებულ იქნა. სამუშაო პროცესი გრძელდება და მალე მეორე და მესამე მოსმენაც გაიმართება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. გაიმართა დისკუსია. კომისიის წევრებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.