პარლამენტში მუჰაჯირობის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა ორგანიზებით პარლამენტში მუჰაჯირობის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ზვიადაძემ მიმართა. მან ორგანიზატორებს მადლობა  გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრობლემა, რომელიც  საუკუნენახევრის წინ იდგა, დღესაც აქტუალურია.

„140 წლის შემდეგ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს, მთელ მსოფლიოს ერთი მკაფიო მესიჯი უნდა გავუგზავნოთ - თუ რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და რუსული იმპერიალიზმი, რისი შედეგიც იყო მუჰაჯირობა. ის გამოვლინებები, რაც 140 წლის წინ იყო, დღესაც გრძელდება. ამას მთელი ცივილიზებული სამყარო წინ უნდა აღუდგეს.

„სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს სამშვიდობო პოლიტიკისათვის და იმისთვის, რომ აფხაზური ენა, კულტურა, ადათ-წესები და ტრადიციები შენარჩუნებული იყოს. ჩვენი ინიციატივით მუჰაჯირებისათვის ბათუმის მე-14 და სოფელ ფერიის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის გაკვეთილები გაიხსნა. იდგმება სხვა ნაბიჯებიც. მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მთავარი გარანტორი იქნება არა მხოლოდ სოციალური ფონის გაუმჯობესებისა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მათი წეს-ჩვეულებების, ადათებისა და კულტურის  შენარჩუნებისა,“ - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

ღონისძიებაზე მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო მასალა  გამოიფინა, მოგვიანებით კი მოეწყო დოკუმენტური ფილმის - “მუჰაჯირების შთამომავალი აფხაზები აჭარაში“ ჩვენება.