ქარვასლაში კულტურული მრავალფეროვნების დღე აღინიშნა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.
საღამოზე ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი მიშა მდინარაძე უძღვებოდა. საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, კონცერტზე მისულ მსმენელს მუსიკალური ნომრები შესთავაზეს. ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დაჯილდოვდა მწერალი გივი შახნაზარი. აქვე წარმოდგენილი იყო ეთნიკური უმცირესობებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები.
სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე არის დღე დიალოგისა და განვითარებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ და ჩვენი ეროვნება, კულტურა, ტრადიცია, მრწამსი, ჩვენს იდენტობას დიდწილადაც განსაზღვრავს.
“ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითოეულ მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა აქვს. მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, თითოეული მოქალაქე თანასწორია და მათ თანაბრად ეძლევათ საშუალება ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
“ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ყველა, ჩვენი მრავალფეროვნებით, ვზრუნავთ ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. ეს არის ჩვენი გზავნილი დღეს აფხაზებისა და ოსებისათვის, ჩვენი მოსახლეობისათვის ორივე რეგიონში, სადაც არსებულ ვითარებაში, კარგად ესმით იდენტობის დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების აუცილებლობა. ეს არის გზავნილი ჩვენს საერთო მომავალში, რაც დარწმუნებული ვარ, გვაერთიანებს.
„თქვენ იცით, რომ ჩვენი სამშობლო წელს ზეიმობს ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს. სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში ეთნიკური მრავალფეროვნება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი წარმომადგენლობითი ორგანო სრულად ასახავდა იმ პერიოდის საქართველოს სურათს. როცა სამოქალაქო თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე და მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამის ფესვები ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ არსებობდა და ჩვენ დღეს სწორედ ამ გზას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების UNAG და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
2001 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კულტურული მრავალფეროვნების განვითარების საყოველთაო დეკლარაცია შეიმუშავა, რის საფუძველზეც „კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის“ 2002 წლის 21 მაისიდან ყოველწლიურად აღინიშნება.