ქეთევან ციხელაშვილმა ახალგაზრდებს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო

22 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტექნოპარკში პლატფორმის “დიალოგი მომავალ თაობასთან” ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან სახელმწიფოს შერიგების პოლიტიკის აქტუალური საკითხები, ახალი სამთავრობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, სამოქალაქო თანასწორობისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ძირითადი პრიორიტეტები და გამოწვევები განიხილა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით,  ახალგაზრდებთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყნის მომავალი მათ ხელშია.

„ამ კვირაში  ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ასი წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თუმცა, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია.  ეს ჩვენი უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების ძალისხმევა მიმართული იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ.

„დღეს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე ვისაუბრე, მის მთავარ მიმართულებებზე და რა თქმა უნდა, ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც დიდწილად სწორედ ახალგაზრდებს ეხება და მათ ჩართულობას გულისხმობს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალგაზრდებთან კომუნიკაციაა. იმედი მაქვს, რომ ეს თაობა იქნება ყველაზე წარმატებული ხიდების მშენებლობაში, რაც ასე სჭირდება შერიგების პროცესს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიება  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის გიორგი ტუმასიანის ორგანიზებით გაიმართა. პლატფორმის “დიალოგი მომავალ თაობასთან”   მიზანია ხელისუფლებისა და ახალგაზრდობის პირდაპირი სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ  ახალგაზრდები როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან.