ქეთევან ციხელაშვილი: „ბევრი ადამიანისათვის აფხაზეთი ყოველდღიური ფიქრი და მონატრებაა“

23 მაისი 2018
აფხაზეთის დღის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტში გამოფენა  "ჩემი სახლი აფხაზეთში" გაიმართა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო.

გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაც საკუთარი ნახატები და ფოტოები წარმოადგინეს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მათი ნამუშევრები ძალიან საინტერესო, სევდიანი, თუმცა სიყვარულით განსმჭვალული იყო.

  „ჩვენს ქვეყანაში ყოველი დღე აფხაზეთობაა. ბევრი ადამიანისათვის აფხაზეთი ყოველდღიური ფიქრი და მონატრებაა. ჩვენთვის კი ეს არის ყოველდღიური საქმე, რომ ჩვენს მთავარ მიზანს - ერთიან, განვითარებულ მომავალს მივაღწიოთ მშვიდობიანად, შერიგებით, თანმიმდევრულობითა და  პრინციპულობით.

„დღეს არსებული უამრავი გამოწვევა, რომელიც ხალხს ერთმანეთისაგან აშორიშორებს, რომელიც დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, უნდა დავძლიოთ გაორმაგებული ძალისხმევითა და  კონკრეტული ნაბიჯებით. სწორედ ამ სტილში ვახსენე მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც პირველ რიგში კონფლიქტით დაზარალებული ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული. ასეთია როგორც ქართული, ისე აფხაზი და ოსი საზოგადოება. ეს ინიციატივა გათვლილია ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზე, რაც  აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ერთმანეთი დავიბრუნოთ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებას აგრეთვე დაესწრნენ  პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეზე, აფხაზეთობა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით 2014 წლიდან აღინიშნება.