თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ერთად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობას“ გაიმართა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო.
საღამოზე ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებული სამი კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ - კალიგრაფიის კონკურსის #წერექართულად, ესეების კონკურსის თემაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ და ილუსტრაციების კონკურსის „დახატე დამოუკიდებლობის 100 წელი.“ მათში ჩართულები იყვნენ თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, შსს აკადემიის, ახალციხის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და სოხუმის უნივერსიტეტების სტუდენტები, მათ შორის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4 პროგრამის) მონაწილეები.
ღონისძიების მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება საუნივერსიტეტო და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.
სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა და მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლებმა თავი იგრძნონ საქართველოს სრულუფლებიან, სრულფასოვან, თანასწორ მოქალაქეებად, ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და წვლილი შეიტანონ საერთო სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში.
“როდესაც ახალგაზრდების მიერ მომზადებულ ესეებს თემაზე - „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ ვეცნობოდი - სიამაყით ვივსებოდი - იქ ჩანდა სულისკვეთება, ჩვენი სამშობლოს სიყვარული, თავისუფლების ფასი, საერთო მომავლის ხედვა. დიახ, ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ყველა, ჩვენი მრავალფეროვნებით, ვზრუნავთ ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე.
„სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში ეთნიკური მრავალფეროვნება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი წარმომადგენლობითი ორგანო სრულად ასახავდა იმ პერიოდის საქართველოს სურათს. არჩეულ წარმომადგენლებს, დეპუტატებს შორის არამხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, არამედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებიც შედიოდნენ.
„ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % კვლავ ოკუპირებული გახლავთ, ადამიანები საკუთარი სახლებიდან გამოდევნილები არიან და ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე მავთულხლართების ტყვეობაშია. ეს ვითარება კი არავის ინტერესებში არ შედის”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ილუსტრაციების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს კი პრიზები განათლებისა და მეცნიერები მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრი, გაეროს ასოციაცია, აშშ-ს განვითარების სააგენტო და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი იყვნენ.