"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის 100 წლის იუბილეს. მართალია, ის რაც 1918 წლის 26 მაისს მოხდა სულ რაღაც სამი წელი გრძელდებოდა, ვიდრე საბჭოთა ოკუპაცია ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას 70 წლით შეწყვეტდა და შეაფერხებდა, მაგრამ ამან შექმნა ძალიან სოლიდური, მყარი და პროგრესული საფუძველი ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობისათვის და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.
„დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინდელ დამფუძნებელ კრებაში, მთელი ქვეყნის ეთნოდემოგრაფიული სურათი იყო ასახული. მასში შედიოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ასევე, რაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია - ქალები. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს არათუ ხმის უფლება ჰქონდათ, არამედ თავად იყვნენ არჩეულნი და მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ მონაპოვარს სათუთად უნდა გავუფრთხილდეთ.
"ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. დღეს ათიათასობით ადამიანი, კვლავ გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან და ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი, მავთულხლართების ახლოს თუ მავთულხლართების მიღმა, ფაქტობრივად იზოლაციაში ცხოვრობს. ჩვენ გვინდა ვიაროთ მომავლისკენ, იმ ერთიანი, ევროპული, დემოკრატიული მომავლისკენ, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები, იდენტობა დაცული იქნება და ვიქნებით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი. დარწმუნებული ვარ, ასე ერთიანად, აუცილებლად ვიზეიმებთ მომავალში 26 მაისს, რათა მთლიანად შევიგრძნოთ თავისუფლების ძალა."
ქეთევან ციხელაშვილი