სომეხი პოეტის, მომღერალისა და აშუღის - საიათნოვას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაული-„ვარდატონი 2018“ ძველ თბილისში, მეიდანზე გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც მის საპატივსაცემოდ თბილისში 2014 წლიდან აღინიშნება, ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს მთავრობიდან, თბილისის მერიდან, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და სომხური ეპარქიიდან, ასევე, კულტურის სფეროდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
„ვარდატონი 2018-ის“ სტუმრებს სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მიმართა. მან დამსწრეებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი მიულოცა.
„დღეს შევიკრიბეთ ძველ თბილისში, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობა და ეთნიკური მრავალფეროვნება. 26 მაისს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი. სიმბოლურია, რომ ამ დღეებში ასევე სომხეთის პირველი რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღინიშნება.
„სამხრეთ კავკასიის ხალხები 100 წლის უკან ერთად ვიწყებდით ახალი სამყაროსკენ და დამოუკიდებლობისკენ სვლას. ამ პერიოდამდე 150 წლით ადრე კი ჩვენი დიდი აშუღი, ჩვენი დიდი წინაპარი, ჩვენი თანამოქალაქე საიათნოვა, სწორედ ამ ხალხების ენებზე უმღეროდა მეგობრობას, სიყვარულსა და ურთიერთთანადგომას. ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ საიათნოვას დღესასწაული ემთხვევა სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. საიათნოვას სიმღერებსა და ლექსებში გაჟღერებული იდეა, არის სწორედ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი საფუძველი და მთელი ფილოსოფია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და საფუძველია. გილოცავთ ყველას ამ დიდ დღესასწაულს“ - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
„ვარდატონი 2018“ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ქართველ სომეხთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა. საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ შემოქმედები საქართველოდან და სომხეთის რესპუბლიკიდან.