ქეთევან ციხელაშვილმა ისრაელში სამუშაო შეხვედრები გამართა

30 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  სახელმწიფო მინისტრი, სხვა მონაწილეებთან ერთად, ისრაელის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს შეხვდა, სადაც პოლიტიკურ თუ სამშვიდობო პროცესებში ქალთა როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

აგრეთვე, ქეთევან ციხელაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის გენერალური მდივნის  მოადგილესთან ალექს ბენ ცვისთან, რომელზეც საქართველო - ისრაელის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას და აღინიშნა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრმა ალექს ბენ ცვისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა იმ პრობლემატიკასა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა დგას.

ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან და ქალაქ აშდოდის ვიცე-მერთან, მოშე ბოთერაშვილთან   ერთად ისრაელში ქართველ ებრაელთა თემს შეხვდა. დაესწრო აშდოდის მერიისა და ქართველ ებრაელთა თემის  მიერ ორგანიზებულ კონცერტს.

ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სიამაყით აღნიშნა, რომ ქართულ-ებრაულ მეგობრობას უკვე მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და  სამომავლოდ იგი შესაძლოა  კაცობრიობის მონაპოვრად  იქნას აღიარებული.

„მინდა მადლობა გითხრათ სიყვარულისათვის, რომელიც ამ დარბაზში დაგვხვდა. იმ სიყვარულისათვის, რომელმაც დღეს აქ მოგიყვანათ და ჩვენ გაგვაერთიანა, რომლითაც გულში თქვენი წილი საქართველო დაგაქვთ. იმ სიყვარულისთვის, რომლის ძალითაც თქვენი შვილები და შვილიშვილები ქართულად მეტყველებენ, ქართულად მღერიან. როცა ასეთი სიყვარულია, ამას ვერასოდეს ვერაფერი დაანგრევს და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს მარადიულ ქართულ-ებრაულ მეგობრობასა და ურთიერთობაში აისახება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ისრაელში 27 მაისს დაიწყო.