შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობითა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ დაიწყო.
კონკურსის შედეგად, რომელიც მაისში გამოცხადდა, 16 მსმენელი შეირჩა. სასწავლო კურსის მიზანი მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა. მასში მონაწილეობის მიღება ქვემო ქართლში მცხოვრებ, ბიზნესის დაწყების მსურველ ქალებს შეეძლოთ.
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას სხვადასხვა თემაზე. მათ შორის: ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება; ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა; მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა; ბიზნეს მოდელირება; კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ.
სასწავლო კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი რაზმაზემ გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, ტრენინგ კურსის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ჩართულობაზე გაკეთდა, რათა მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეთ.
„ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ახალი პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავებას.
„აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება სამი წლის განმავლობაში ქალთა ეკონიმიკური გაძლიერების კუთხით ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პროფესიულ გადამზადებასა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
აღნიშნული საქმიანობა ასევე გათვალისწინებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელწიფო სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმაში“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მონაწილეებს სასწავლო კურსის პროგრამის პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს აკადემიის განვითარებადი პროექტების მენეჯერმა ნინო გვარამაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც მათ პირველი დღის პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე მოისმინეს ტრენინგი.
კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.