შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულია ასლან ჯიოევი, რომელიც ახალგორის ე.წ. გამგებლის ფილიპ ხაჩიროვის დაცვის უფროსია.
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უფასო ჯანდაცვის მომსახურების სახელმწიფო რეფერალური პროგრამა ხორციელდება წლების განმავლობაში, გახლავთ ჩვენი ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება, ფუნქციონირებს ეფექტურად და აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის ჰუმანიტარული პროგრამა, რომლის ამოცანაა მოსახლეობის დახმარება მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე.
პაციენტების შემოსვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკებში ხორციელდება ყოველდღიურად, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში წითელი ჯვრის მეშვეობით. სიცოცხლის გადარჩენა ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება არ და ვერ მოხდება ნათესაური კავშირების თუ მსგავსი ნიშნით.
იმასაც გეტყვით, რომ თუ პირი არის ეჭვმიტანილი ან არსებობს მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენება სადამსჯელო მიზნით. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ტეხენ აჟიოტაჟს და ქმნიან დაძაბულობას მგრნობიარე და ძალიან მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.
ამგვარ საკითხებთან საჭიროა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა, რომ გარკვეული ქმედებები ან სპეკულაციები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.“