ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

14 ივნისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი  ევროპარლამეტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და მისი  სამშვიდობო კურსის მიმართ ევროპარლამენტარების მიერ გამოხატული ღია და მკაფიო მხარდაჭერის  მნიშვნელობას.  

„ევროპარლამენტმა მიიღო ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც მიუთითებს ძირითად პრობლემებზე, რაც წარმოადგენს არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროპული უსაფრთხოების გამოწვევას. იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროპაში მდგრადი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს ჩვენი აპარატის მიერ მომზადებულ და მთავრობის მიერ წარდგენილ  ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის ჩვენი ხმამაღალი განაცხადი იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო კურსი ურყევია და გაორმაგებული ძალისხმევით ვეცდებით მივაღწიოთ მავთულხლართებით დაშორიშორებული მოსახლეობის ნდობის მშენებლობას, შერიგებას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში განხილვებისა და დებატებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.  ამაზე საუბრობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპარლამენტარები.  მადლობა ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ასეთი ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერისთვის. როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით ისე მათი მხრივ მზაობის თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ და მეტად ჩაერთონ ამ ინიციატივებს რეალობად ქცევის საქმეში“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10  წლის შემდეგ“- ამ სახელწოდების რეზოლუცია მიიღო დღე ევროპარლამენტმა, რომლითაც კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება არის  ევროპული უსაფრთხოების  უზრუნველყოფის ძირითად პრინციპები და რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება აუცილებელია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების გრძელვადიანი ოკუპაცია კვლავ საფრთხეს უქმნის სხვა ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. აგრეთვე მოუწოდებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების უპირობო შესრულებისკენ. განსაკუთრებით იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მისი მანდატის შესაბამისად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე;

რეზოლუცია გმობს ათობით ქართული სოფლისა და ეკლესიის განზრახ განადგურებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც, ქართული კულტურისა და ისტორიის კვალის წაშლის განზრახ მცდელობებს.

გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს დაუსჯელობის სინდრომის წახალისება და ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები საქართველოს ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. ასევე მოუწოდებს აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება, რათა უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობების ჩამდენთა სასამართლოს წინაშე წარდგენა.

მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას, რომლითაც დაადგინა დანაშაულის ჩამდენთა და დანაშაულის დაფარვაზე პასუხისმგებელ პირთა შავი სია (ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია). წევრ ქვეყნებსა და საბჭოს კი მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანოს და ეროვნული და მთელი ევროპის მასშტაბით არსებული სანქციები დააკისროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებსა და მათაც, ვინც აღნიშნულ ჩამონათვალში შესაძლოა მომავალში მოხვდნენ.