ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა ფუად მურადოვთან

16 ივნისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რასაც სახელმწიფო სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს. აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისთვის ზრუნვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა.

აქვე მან ხაზი გაუსვა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განკუთვნილ პროგრამას “1+4“, რომელიც ახალგაზრდებს სახელმწიფო ენის შესწავლისთვის დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს. საუბარი ასევე შეეხო ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით შემუშავებულ სახელმწიფო სექტორში სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანიც კვალიფიციური და სახელმწიფო ენის მცოდნე კადრების დასაქმების ხელშეწყობაა.

ქეთევან ციხელაშვილმა აზერბაიჯანელ სტუმარს იმ კამპანიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ქვემო ქართლის რეგიონში ხორციელდება და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

სახელმწიფო მინიტრის მოვალეობის შემსრულებელი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.