შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პროგრამით წარსდგა.
მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში დილიდან დაიწყო და დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ.
საპარლამენტო ტრიბუნიდან ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივამ უკვე მოიპოვა სრული საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს პარტნიორების მხრიდან. მისი თქმით, სიახლით დაინტერესებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც, რომლებიც ინიციატივით გათვალისწინებულ პროგრამებსა თუ პროექტებში ჩართვის სურვილს უკვე გამოხატავენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელი შეეწყოს. ჩვენი აპარატის მიერ უკვე მომზადებული გახლავთ საიმპლემენტაციო გეგმა, რომელსაც რამდენიმე მიმართულება აქვს. ცხადია, ერთ-ერთი მიმართულება სამართლებრივია. მოგეხსენებათ, საკანონმდებლო აქტების შემდეგომ შესაბამისობაშია მოსაყვანი არაერთი კანონქვემდებარე აქტი და შესაბამისი უწყებები ამაზე უკვე მუშაობენ. გათვალისწინებულია გამყოფი ხაზების სიახლოვეს ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა იგი მოემსახუროს ინიციატივის ამოცანებს. პროექტი მზადაა და იგი სამი თვის ვადაში განხორციელებადია.
“ვმუშაობთ პარტნიორებთან რათა გაჩნდეს ახალი პლატფორმები საზოგადოებრივი დიალოგისათვის, იმ პირების ერთმანეთთან შეხვედრისა და თანამშრომლობისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკრეტული სავაჭრო, საგანმანათლებლო თუ სხვა პროექტების განხორციელებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც. აქ მოიაზრება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო რესურსი და დონორების მობილიზება. სახელმწიფო გეგმავს ქვეპროგრამის ამოქმედებას. არსებობს ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელსაც ორი მთავარი მიმართულება ექნება. ერთი გახლავთ ინიციატივების და განსაკუთრებით სავაჭრო ინიციატივების მხარდაჭერა, მეორე მიმართულება კი გამყოფი ხაზების გასწვრივ მოსახლეობის მხარდაჭერაა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
ქეთევან ციხელაშვილმა აგრეთვე ისაუბრა 2013 წლიდან დღემდე გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ დასრულდა ყველა სოფლის გაზიფიცირება, რაც 14 ათასი აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას გულისხმობს. აგრეთვე, თითქმის დასრულებულია ელექტროფიცირებაც. სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტებს, რომელთა ოჯახებიც აღნიშნულ სოფლებში ცხოვრობენ. სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წელს, სახელმწიფოს დაფინანსებით უკვე 1200 სტუდენტი სარგებლობს. მოწესრიგდა სასმელი და საირიგაციო წყლის სისტემები და რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გრძელდება.
„თუმცა, ეს ყველაფერი პირველად საჭიროებებზე რეაგირებაა. ახლა გეგმაში გახლავთ, რომ ამ ფაზიდან განვითარების ფაზაზე გადავიდეთ. დაგეგმილია შეიქმნას სპეციალური განვითარების სტრატეგია ამ რეგიონებისათვის, რათა უფრო მეტად დავეხმაროთ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რომ დამაგრდნენ და განვითარდნენ საკუთარ მიწაზე. ეს იქნება ჩვენი ძალიან ქმედითი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. მეტი განვითარებითა და პროგრესით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავამარცხოთ უსამართლობა და ესაა დღეს გასაკეთებელი საქმე, რათა მომავალში გვქონდეს საქართველო მავთულხლართების გარეშე“,- -დასძინა სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
აქვე მან ხაზი გაუსვა გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას და განაცხადა, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ხელისუფლება არასოდეს შეეგუება ადამიანის უფლებების დარღვევას, მითუფრო სიცოცხლის უფლების წართმევასა, როგორც ეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში მოხდა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ბოლომდე იბრძოლებს დამნაშავეების გამოსავლენად და შემდეგ უკვე მათ დასასჯელად.
„გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ კონფლიქტითა და ხელოვნური ხაზებით დაშორიშორებული საზოგადოება შერიგდეს და ერთმანეთი დავიბრუნოთ. ეს არის განუყოფელი ნაწილი და ხედვა იმ მთავარი ამოცანისა, რომელიც გააჩნია სახელწმიფოს - ერთიანი მომავალი ერთიან ევროპული ტიპის სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, დაცულია. თითოეული მოქალაქე თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ეს ყველაფერი ასახულია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მთელს რეგიონში. ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ.
„ჩვენი ხედვა ეფუძნება პრინციპს -მეტი მრავალფეროვნება და მეტი ინტეგრაცია. აღარავის აღარასდროს უნდა მივცეთ შესაძლებლობა ჩვენი განსხვავებულობა გამოიყენოს ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჩვენს დასაპირისპირებლად. პირიქით - ეს მრავალფეროვნება და ინტეგრაცია უნდა ვაქციოთ განვითარების უნიკალურ წყაროდ,“ - განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ქეთევან ციხელაშვილმა.
საკომიტეტო განხილვების ბოლოს, ყველა კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.