ქეთევან ციხელაშვილი - „არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია“

21 ივნისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ე.წ. კომისიის შექმნასა და სოფელ სოფელ წნელისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მორიგი პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ  საოკუპაციო რეჟიმს ამის არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია.

„განცხადებას, რომელიც გაკეთდა არარსებული საზღვრის ეგრეთწოდებულ დემარკაციაზე, რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია, ამიტომ ამას სხვაგვარად ვერ განვიხილავთ, თუ არა პროვოკაციულ განცხადებას“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხზე გუშინ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც იმსჯელეს.

„გუშინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 44-ე რაუნდზე ეს იყო განხილვის ერთ-ერთი თემა და რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ის, რომ ამას არ მოჰყვეს რაიმე ტიპის პროვოკაციული ქმედება, რაც გაართულებდა უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ მავთულხლართებისა და შეზღუდვების კომისიების ნაცვლად, სჯობს პირველ რიგში მუგუთის, წნელისის, არცევის, იკორთას, აბრევის, ორჭოსანის, წინაგარისა და სხვა ბევრი სოფლის მოსახლეობას მოვუსმინოთ,  სადაც  ოსებიც და ქართველებიც  ურთულეს მდგომარეობაში არიან და გადაადგილების თავისუფლებას ითხოვენ. ამის ნაცვლად კი მავთულხლართებს იღებენ. ეს არის მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„ამიტომ სჯობს, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ გამოსავალზე, მითუფრო, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა მნიშვნელოვან და კონკრეტულ ინიციატივებს მოიცავს  მოსახლეობისათვის რთული მდგომარეობის შემსუბუქების თაობაზე და ზოგადად, ვიმოძრაოთ იქითკენ, რომ მოიხსნას დაბრკოლებები და გვქონდეს ქვეყანა, სადაც მოსახლეობას შეეძლება ცხოვრება მავთულხლართების გარეშე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ე.წ. კომისია ჩამოყალიბდა. ამასთან, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსლან თედეევმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება თავად მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მისი თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი „სამხრეთ ოსეთის საზღვრებში არ მოხვდა“.