შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ აფხაზური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლი ემიგრანტების - ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების საფლავები გვირგვინებით შეამკო.
ემიგრანტების საფლავები შვეიცარიის ქალაქებში ჟენევასა და ლოზანაში, რომელთა მდებარეობაც უკანასკნელ პერიოდამდე უცნობი იყო, ლაშა დარსალიასთან ერთად მოინახულეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიაში დავით ჯალაღანიამ და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა.
მწერალი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩხოტუა ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა. თავდაპირველად ევროპაში ცხოვრობდა, მოგვიანებით ამერიკაში. 1954 წლიდან იგი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა. მას საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. გახდა იუსტიციის გენერალი და წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში იყო. გარდა ამისა, იყო კარდინალის სწავლული მდივანი, მალტის ორდენის წევრი და როგორც ორდენის წარმომადგენელი, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. თავდაუზოგავად იღწვოდა მსოფლიოში მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისათვის.
როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დააარსა კოსტა-რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებში. ნიკოლოზ ჩხოტუა ყველგან საქართველოს ინტერესებს იცავდა და მუდამ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა.
რაც შეეხება ზურაბ ჩხოტუას, იგი ოფიცერი იყო და გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი საქართველოს საფრანგეთში მყოფი დევნილი მთავრობის არაოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციებს ასრულებდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართული რედაქციის დაარსებაში. ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს საკუთარი ადგილი ჰქონოდა ამერიკული მთავრობის ეგიდით შექმნილ „თავისუფალი ევროპის კომიტეტში“. ამერიკულ აუდიტორიას გააცნო საქართველო და კავკასია.