ქვემო ქართლში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია დასრულდა

22 ივნისი 2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით განხორციელდა, დასრულდა.

კამპანიის ფარგლებში, რომელიც 11 ივნისს დაიწყო, 17 შეხვედრა ჩატარდა. დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკის, გარდაბნის, მარნეულისა და რუსთავის მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეძლო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამების შესახებ. მათ უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის,  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის, აგროდაზღვევის, საბაჟო საკითხების, საგადასახადო კოდექსის,  „დანერგე მომავალი“, „ახალგაზრდა მეწარმე“, „აწარმოე საქართველოში“ და სხვა პროექტების შესახებ. ამომწურავად გააცნეს თითოეული საკითხი და უპასუხეს მათ კითხვებს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა მარნეულსა და გარდაბანში შედგა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა ელისო ლომიძემ მოქალაქეებს საინფორმაციო კამპანიით დაინტერესებისა და მასში აქტიური ჩართვისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი მზადაა რეგიონებიდან, ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან წამოსულ საინტერესო ინიციატივებს მხარი დაუჭიროს და მათ განხორციელებაში ჩაერთოს.

„ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც კოორდინირებას ჩვენი უწყება უწევს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო პროგრამები და სერვისები, სხვადასხვა მომსახურეობა, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

„სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა ითვალისწინებს მოქალაქეთა თანაბარ და სრულფასოვან ჩართულობას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, სადაც ინფორმირების კამპანიას ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მივესალმებით ქალთა ჩართულობას საინფორმაციო კამპანიაში, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს პოლიტიკურ თუ სხვა ასპარეზზე ქალების გააქტიურებამდე.

„ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ინიციატივა სწორედ მუნიციპალიტეტებისაგან მიღებული  მოთხოვნის საფუძველზე განვახორციელეთ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან და ქვემო ქართლის გუბერნიასთან თანამშრომლობით, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის გამოვაცხადეთ კონკურსი მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. ისინი სპეციალურ სწავლებას გადიან იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყონ და აწარმოონ ბიზნესი“, - განაცხადა ელისო ლომიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და თემით დაინტერესებული პირები მარნეულის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან.

საინფორმაციო კამპანია, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ  რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობას ითვალისწინებდა. მისი მიზანი იყო თითოეულ მოქალაქეს მისთვის გასაგებ ენაზე მიეღო ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

ქვემო ქართლის შემდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში, მათ შორის პანკისის ხეობაში აქტიურად გაგრძელდება.