ქეთევან ციხელაშვილმა USAID-ის კონფლიქტის მენეჯმენტისა და შემცირების ოფისის წარმომადგენელთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია განიხილა

23 ივნისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონფლიქტის მენეჯმენტისა და შემცირების ოფისის წარმომადგენელს დარა კაცს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ინიციატივების პაკეტის განხორციელების აუცილებლობასა და მნიშვნელობას და დასძინა, რომ დონორებისა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან აღნიშნული პაკეტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ისაუბრეს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაზე. მის ფარგლებში დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებზე. ქეთევან ციხელაშვილმა დეტალურად მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იქ მცხოვრები ადამიანებისათვის დაწესებული შეზღუდვები. ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

განიხილეს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჯანდაცვის მიმართულება, კერძოდ ის სახელმწიფო პროგრამები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის ხორციელდება. აღინიშნა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე ზრუნვას და მათი სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ქეთევან ციხელაშვილმა აგრეთვე ისაუბრა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის დიალოგისა და ურთიერთობის არსებობის აუცილებლობაზე, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმატის შექმნისა და განვითარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესიც განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას და სტუმარს მხარდაჭერისათვის  მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.