შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომაზე სიტყვით წარსდგა.
სხდომას, როტაციის პრინციპის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფართო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ქვეყანაში საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების პროცესში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს; რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, ასევე ზოგადად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ასპექტებს და ქვეყანაში ეკონომიკისა და სექტორული განვითარების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით.
ლაშა დარსალიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებსა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც მიზნად ისახავს გადაადგილებისა და განათლების უფლების შეზღუდვას, ხელს უშლის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და განვითარებას. პარალელურად კი, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დგამს ახალ, დინამიურ ნაბიჯებს ამ პროცესის საწინააღმდეგოდ.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ახალო სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი ყველა ძირითადი ასპექტი მიმოიხილა. აღნიშნა, რომ ინიციატივების პაკეტის ძირითადი მიზანი გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდა და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. აქვე მან ევროკავშირის მიმართ ინიციატივის პირდაპირი და უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.
„ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს სამშვიდობო ინიციატივის მიმართ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, არსებული ზეწოლისა და დაბრკოლების მიუხედავად, სურთ ვაჭრობისა და განათლების მიღების შესაძლებლობით სარგებლობა და ადამიანთა შორის კავშირების გაღრმავება. ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ევროკავშირის მიმართ ყველა იმ გადადგმული ნაბიჯისათვის, რომელიც საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
„სამშვიდობო ინიციატივის გარდა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი ჩვეულებრივი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მოვლა-პატრონობასა და ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებასთან. ასევე ვაგრძელებთ გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, რათა შემსუბუქდეს რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების დამონტაჟების შედეგები.
„წელს ვგეგმავთ მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების მოგვარების ეტაპიდან რეგიონებისა და სოფლების განვითარებაზე გადავიდეთ, რომლებიც ამ ხაზთან ახლოს მდებარეობს და, შესაბამისად, კონფლიქტის სიმწვავეს ყველაზე მეტად განიცდიან. ვაპირებთ ამ მიმართულებით შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ავამუშავოთ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.
ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე, წელიწადში ერთხელ.