ქეთევან ციხელაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ოთხოზორიების ოჯახი მოინახულა
27 ივნისი 2018
„დღეს პრემიერ-მინისტრმა ოთხოზორიების ოჯახს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩვენი სახელმწიფოს, მთელი მთავრობის მხარდაჭერა“,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, ძალისხმევას არ მოადუნებს იმისათვის, რომ მართლმსაჯულება აღასრულდეს და მკვლელი, რომელმაც ორი წლის წინ ახალგაზრდა კაცი ცივსისხლიანად მოკლა და ოჯახი დააობლა, დაისაჯოს.
“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმია იმისათვის, რომ სამართლის აღსრულებას ხელი შეეწყოს. ეს ნაბიჯი, მოგეხსენებათ, დადგენილების მიღებით მთავრობამ გუშინ გადადგა. დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ამ არაჩეულებრივ მხარეს, სადაც ძალიან ახლოს არის მავთულხლართები, რუსული ტანკები, გამყოფი ხაზები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებებს აშორიშორებს. დღეს აქედან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთდა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ომი და ტკივილი წარსულია, განვითარება და მშვიდობა კი - მომავალი. ეს არის ჩვენი ხედვა და აქ იგულისხმება ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
„მთელმა ქვეყანამ უნდა ვიმოძრავოთ იქითკენ, რომ მეტი განვითარებით, მეტი განათლებით, მეტი შეთავაზებით, სიკეთითა და სარგებლით ვუპასუხოთ იმ ხისტ პოლიტიკას, რომელიც მხოლოდ ადამიანის ინტერესების საწინააღდეგოდაა მიმართული, მიმდინარე ოკუპაციას ვგულისხმობ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.