პანკისის ხეობის სოფელ დუისში გიგი ხორნაულის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

4 ივლისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გიგი ხორნაულის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით წარსდგა.

ღონისძიებას, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი უძღვებოდა, დამსწრე საზოგადოებას გიგი ხორნაულის წიგნები წარუდგინეს. მათში  შესულია მოთხრობები ქისტ ხალხზე. მწერალს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ქისტებთან, რაც თავის შემოქმედებაში ასახა კიდეც  - მის მოთხრობებში მოთხრობილია  ქართველი და ქისტი ხალხების გამორჩეული ძმობისა და მეგობრობის შესახებ. 

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, პირველ რიგში, მწერალსა და შეკრებილ საზოგადოებას  მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ  პანკისის ხეობაში შეკრებას მისთვის მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მან ხაზი გაუსვა გიგი ხორნაულის შემოქმედების როლს ქართველებსა და ქისტებს შორის არსებული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაში და აღნიშნა, რომ ხორნაულის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს, პანკისის ხეობის სიყვარულმა, ქისტი ხალხის უნიკალურმა თვისებებმა - თანადგომამ, ძმობამ, ერთობამ და  ურთიერთპატივისცემამ.

"პანკისში ჩამოსვლისას ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მაქვს, რადგან აქ განსაკუთრებული ურთიერთობებია. ამას მუდამ ვგრძნობ. მინდა მეც გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ვერ გამოვხატავ ისე, როგორც ამ უდიდესმა ადამიანმა თავისი შემოქმედებით გააკეთა.

„ბატონ გიგის ხეობაში ძალიან დიდ პატივს სცემენ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სტუმრობით კიდევ ერთხელ დავადასტუროთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ქისტი ხალხის მიმართ.  ქართველებსა და ქისტებს შორის არსებული იმ ურთიერთობების მნიშვნელობას გავუსვათ ხაზი, რომელიც საუკუნეებით არის ნაწრთობი და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ღირსებაზე, კულტურულ სიახლოვესა და  ტრადიციებზე“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა და სხვა მონაწილეებმა მწერალს საჩუქრები გადასცეს. შემოქმედებით საღამოზე სიტყვით აგრეთვე წარსდგნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი        ირაკლი ქადაგიშვილი, უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, თავად გიგი ხორნაული რომელმაც ღონისძიების  ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ შემოქმედებითი საღამოს დუისის კულტურის სახლში გამართვა მისთვისაც განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა.

სტუმრებს შორის იყვნენ ქისტი უხუცესები, ქალთა საბჭოს წევრები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები და ადგილობრივი მოსახლეობა.