ქეთევან ციხელაშვილი: „დღეს ჩვენ ვართ ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის ძალიან ინტენსიურ ფაზაზე"

13 ივლისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პროგრამით წარსდგა.

მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში დილიდან დაიწყო და დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ.

გამოსვლაში ქეთევან ციხელაშვილმა  სახელმწიფო მინისტრის აპარატის  მთავარ ამოცანაზე ისაუბრა - მშვიდობიან გაერთიანებასა და სწრაფვაზე ერთიანი ევროპული მომავლისაკენ, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები და იდენტობა, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, დაცულია.

მისი თქმით, სწორედ ამგვარი პოლიტიკის განხორციელებით სახელმწიფომ შეძლო მიმდინარე ოკუპაციისა და სხვადასხვა სახის პროვოკაციის ფონზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რთულ და ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შეენარჩუნებინა მშვიდობა, თავიდან აეცილებინა დაპირისპირების ესკალაცია, ან ახალი ომის საფრთხე, რაც ქვეყნისთვის, მისი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„დღეს არსებული ვითარება და გამოწვევები გვავალდებულებს ამ მიზნისთვის ბრძოლაში გამოვიჩინოთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სიფრთხილე, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ აუცილებელია ახალი, პროაქტიული და უფრო დინამიური ნაბიჯების გადადგმა. ეს საჭიროება იქიდანაც გამომდინარეობს, რომ სულ რამდენიმე დღეში 10 წელი შესრულდება 2008 წლის ტრაგიკული ომიდან  და რუსეთის ინტერვენციიდან. დღეს ნათელია, რომ ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების სახით. მავთულხლართები, მიწათხრილები და სხვა სახის დაბრკოლებები დღეისათვის იქცა ღია ოკუპაციის რეალურ სახედ“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისი განცხადებით, ამ მეთოდებით საზოგადოებების დაშორიშორება, მათი თავისუფლებისა და უფლებების შეზღუდვა და შელახვა, ვერ იქნება გონივრული, მდგრადი და არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა.

„ზუსტად ამიტომ, დარწმუნებული ვარ დადგება დღე, როდესაც აგვისტოს ამ თარიღებს შევხვდებით მავთულხლართების გარეშე. დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ამ მავთულხლართებს ვუპირისპირდებით მეტი პროგრესით, მეტი განვითარებით, საქმიანი, კონსტრუქციული, თანმიმდევრული და პრინციპული მიდგომებით. ამიტომ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„აქ ორი მნიშვნელოვანი პრინციპი გახლავთ გასათვალისწინებელი: ერთი მხრივ ჩვენ ვიქნებით სრულიად შეურიგებელნი ადამიანის სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელის უმძიმეს გამოვლინებებიც გახლდათ ბოლო პერიოდში ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ძალიან მძიმე ტრაგედიები. თუმცა, ამავდროულად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული, მოხდეს რეაგირება მათ საჭიროებებზე და პრაგმატული ინტერესების უზრუნველყოფა“, - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

აქვე მან ისაუბრა გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, კერძოდ, აღნიშნული რეგიონების  განვითარების სტრატეგიაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საკუთარ მიწაზე ღირსეულად იცხოვრონ. აგრეთვე,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და  გალსა და ახალგორში მცხოვრები მოსახლეობის დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე. აღნიშნა, რომ  მათი უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი დახმარება განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება.

„დღეს ჩვენ ვართ  ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის ძალიან ინტენსიურ ფაზაზე. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობა, ხარისხიანი განათლება და სხვადასხვა სიკეთესა და სარგებელზე წვდომის გამარტივება. ეს მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას აძლევს, რომ იყვნენ არა მხოლოდ სხვადასხვა სიკეთის მომხმარებელნი, არამედ თავად მიიღონ მონაწილეობა ერთიანი მომავლის მშენებლობაში. ეს ასევე შექმნის სივრცეს დიალოგისა და თანამშრომლობისათვის. მოგეხსენებათ, რომ დიალოგი, ნდობის მშენებლობა და შერიგება არა მხოლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის, არამედ აუცილებელი წინაპირობაცაა, რადგან ქვეყნის გაერთიანება, პირველ რიგში, გულისხმობს ჩვენი საზოგადოებების გაერთიანებას ერთმანეთთან დაბრუნების გზით.

„ჩვენ ამ ძალისხმევაში არ ვართ მარტო. საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სამშვიდობო პოლიტიკას. თუნდაც ბოლო თვის განმავლობაში არსებულ გამოხმაურებებში, იქნება ეს ევროპარლამენტისა თუ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და ნატოს სამიტის დეკლარაცია, ცალსახად არის ხაზგასმული, რომ ისინი სრულად იზიარებენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„ეს რეზოლუციები მნიშვნელოვანია იმ ჭრილშიც, რომ ისინი მიღებულია ზუსტად ათი წლის შემდეგ რუსეთის ინტერვენციიდან და სიტუაციას მიმოიხილავს ამ ჭრილში. ფაქტობრივად, ეს არის დასტური იმისა, რომ გადაუჭრელი კონფლიქტი არის არა მხოლოდ საქართველოს, მისი საზოგადოების პრობლემა, არამედ ევროპის უსაფრთხოების პრობლემა. ზუსტად ამიტომ,  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალიან რთულ გზაზე წარმატება არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონისა და ევროპის წარმატება“,- განაცხადა მან.

საპარლამენტო ტრიბუნიდან ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეორე უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე - სამოქალაქო ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თანასწორობის პრინციპს ემყარება.

„თითოეული მოქალაქე არის თანასწორია მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა და მათ უნდა ჰქონდეთ თანასწორი პირობები რათა ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში“,- დასძინა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა.

საკომიტეტო განხილვების ბოლოს, ყველა კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, პარლამენტში წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.