„ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და საერთო ძალისხმევა მივმართოთ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ე.წ.ხიშბა-სიგუას სიაზე საუბრისას განაცხადა.
„გარკვეულ ორგანიზაციებს და ჯგუფებს, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა რეაქცია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, შესაბამისად, ამ სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევალთ. რაც არის მნიშვნელოვანი, გახლავთ ის, რომ „ოთხოზორია–ტატუნაშვილის“ სია, რომელიც მომზადდა პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის მიხედვით, არის ბრალდებულთა და მსჯვარდებულთა სია, იმ პირებისა, რომელთა მიმართ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, რომელთაც სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაულებები ადამიანის სიცოცხლის და უფლების წინააღმდეგ.
"ამ სიის ამოცანა გახლავთ ის, რომ ხელი შეეწყოს სამართლის აღსრულებას საერთაშორისო სანქციების დაწესების გზით და რაც მთავარია, ხელი შეეწყოს პრევენციას მსგავსი დანაშაულებების. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში კრიმინალის პრევენცია არის საზოგადოების ინტერესში, რადგან კრიმინალს არ გააჩნია ეთნიკურობა, ეს არის მთავარი ამოცანა და მეტსაც ვიტყვი, ცხადია, დავას არ იწვევს, რომ მკვლელი უნდა იყოს დასჯილი“- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.