„თითოეული ასეთი ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან იგი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და შერიგებისკენაა მიმართული“ - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უფრო გახსნილად უნდა ვესაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამით შევასუსტოთ მავთულხლართები. აგრეთვე, ინიციატივას აფხაზეთში მდებარე ორი დაბისთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით.
„მინდა მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს, იმ მიდგომებისა და სულისკვეთებისათვის, რითაც მან ეს ინიციატივა გააჟღერა და რაც მნიშვნელოვანია რეალური ნაბიჯების გადასადგმელად, ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთლიანად საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მკაფიო და ერთსულოვანი მხარდაჭერისათვის მთავრობის მიერ წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმ საეტაპო გზავნილებისათვის, რომლებიც პარლამენტის წევრებმა აფხაზი და ოსი საზოგადოებებისაკენ მიმართეს.
„მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს ნიშნავს უკეთეს ხვალინდელ დღეს არამარტო ქართული, არამედ ოსური და აფხაზური საზოგადოებებისათვის, რადგან ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს. მაშინ, როცა ჩვენ შორის ხელოვნური ბარიერებია გავლებული, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი მიწა, ერთი ჰაერი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, რაც არასოდეს შეიცვლება.
„დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ და ეს არის მთავარი. ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები და აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაიბრუნონ ქართველები, რადგან არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი არ არის მხოლოდ მიწის ნაწილი. ეს არის ის ხალხი, კულტურა, მეგობრობა და სიყვარული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ადამიანებს და ხელოვნური ბარიერები მათ დიდი ხნით ვერ გაყოფს“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ახალი ინიციატივის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს.
„უკვე დროა უფრო გახსნილად ვესაუბროთ აფხაზებს, დროა თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი, როგორც დიდი ხნის უნახავმა ძმებმა. კიდევ უფრო შევასუსტოთ მავთულხლართები, რომელიც ყოფს ჩვენს საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ უნდა ვაჩვენოთ მათ ჩვენი მზადყოფნა.
„აფხაზეთში, გაგრიდან 14 კილომეტრში, მდებარეობს დაბა, რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს„ლესელიძე“, არადა მისი ნამდვილი აფხაზური ტოპონიმი არის „გეჩრიფში”. იგივე შემიძლია ვთქვა გაგრაში „ცანდრიფშზე”, რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს „განთიადი“ და სადაც „ცანდრიფშის“ ულამაზესი ტაძარი მდებარეობს. ჩვენ უნდა შევცვალოთ იქ საბჭოური, რუსული მემკვიდრეობა და დავუბრუნოთ ამ ადგილებს თავისი ისტორიული სახელები. ეს საბჭოური დასახელებები ხომ თავის დროზე სწორედ ჩვენს მიმართ აფხაზების უკმაყოფილების შექმნისთვის გამოიყენეს", - განაცხადა დეპუტატმა.