შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც პროექტებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ.
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, სხვადასხვა გამოწვევები და დაბრკოლებები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში აწყდება.
საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჰუმანიტარული მიმართულებით, რომელთა მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენს. მხარეებმა იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებული პროექტებისა და ინიციატივების გაგრძელების მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და მათ გაწეული ძალისხმევისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უაღრესად ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესის შესანარჩუნებლად. მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევებისა, მინდა გთხოვოთ გააგრძელოთ თქვენი ჩართულობა და საქმიანობა, რადგან მშვიდობაში ინვესტიციას ხელშესახები შედეგის მოტანა შეუძლია,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, იმ ახალ შესაძლებლობებსა და სიკეთეებზე, რასაც აღნიშნული ინიციატივა დამატებით აჩენს გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების, განათლების შესაძლებლობების გაზრდის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის მიმართულებით.
სახელმწიფო მინისტრმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენის პროექტების და ადამიანთა შორის კონტაქტების გაღრმავების პრიორიტეტულობას და ამ მხრივ ძალისხმევისა და რესურსების გაორმაგების მნიშვნელობას, რაც სასიცოცხლოა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად.
„ჩვენი გზავნილი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ არის მეტი სირთულეების საპასუხოდ გაორმაგებული ძალისხმევით მოქმედება, დამატებითი რესურსების ჩადება შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ პროგრესის მიღწევას,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიურად იმართება და მას კოორდინირებას უწევს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი, ნილს სკოტი.