დონალდ ტუსკი: „მივესალმები საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც უკეთესი მომავლისკენაა მიმართული“
20 ივლისი 2018
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და განხორციელების პროცესში საქართველოს დახმარება აღუთქვა. ინიციატივის მხარდამჭერი განცხადებები მან პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და "ხიდების აგების" სფეროში.
„წელს, 10 წლისთავი აღინიშნება 2008 წლის აგვისტოს ომიდან საქართველოსა და რუსეთს შორის. მინდა, ამ ფონზე ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აღგითქვათ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და დინამიური ეკონომიკის მშენებლობა. ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას მისი გამძლეობისა და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნას მიღწეული.
„ამ კონტექსტში მივესალმები საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც უკეთესი მომავლისკენაა მიმართული და რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს ახალი სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს ამ პროგრამის განხორციელებაში,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებული განცხადებებისას, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით ევროკავშირის როლზე ისაუბრა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო მადლიერება გამოხატა.
„ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც კონფლიქტმა გავლენა მოახდინა.
„ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულნი ვართ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგებისა და ნდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.