ახალქალაქში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია გახსნა.
საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას გულისხმობს. მომდევნო კვირის განმავლობაში მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა არის თანასწორი. თანასწორობა კი, გულისხმობს ჩართულობას და ინფორმირებულობას. სწორედ ამიტომ ჩამოვედით დღეს სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სარგებლისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მათ.
„რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება - ეს არის საქართველოს მთავრობის ხედვა, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც განსაზღვრულია ასევე „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმაში“.
„ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც ჩემი უწყება უწევს კოორდინირებას, მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართულობით სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის უზრუნველყოფას.
შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ კამპანიის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ პუნქტებსა თუ სოფლებში, თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია - ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა
შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიცირებით და კოორდინირებით საინფორმაციო კამპანია უკვე ჩატარდა ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით, ქართულ და სომხურ ენაზე ჩატარდება.