„ქალები მავთულხლართების პირისპირ“ - ერგნეთში შეხვედრაზე დოკუმენტური ვიდეოისტორიების პრეზენტაცია გაიმართა

3 აგვისტო 2018
ერგნეთში, ომის მუზეუმში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეოისტორიების „ქალები მავთულხლართების პირისპირ“ ჩვენება გაიმართა.

ვიდეორგოლები გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები შვიდი ქალის ცხოვრებას ასახავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომლებიც მიუხედავად არაერთი სირთულისა და გამოწვევისა, აქტიურობენ და  აკეთებენ საქმეს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის და მათი ოჯახებისათვის, არამედ მთელი სოფლისა და მოსახლეობისათვის.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აგვისტოს ომის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება ადგილზე ყველას აზარალებს და არ შედის არც ქართველების და არც ოსების ინტერესში. ამიტომ სახელმწიფო მომავალშიც განახორციელებს  სამშვიდობო პოლიტიკას, რაც პირველ რიგში კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის დახმარებაზეა ორიენტირებული.

„ერგნეთი ერთ-ერთი ის სოფელია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის დროს. მუზეუმი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რომელიც ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ მეგობრებისა და მეზობლების დახმარებით მოაწყო, სამწუხარო ჯერ კიდევ ცოცხალი სიმბოლოა იმისა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციის სახით გრძელდება.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ იმ ქალთა ისტორიები, რომლებიც ჩუმად აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და არიან თანამედროვეობის გმირები. ეს ქალები ფაქტობრივად შიშველი ხელებითა, დიდი მონდომებით და შეუპოვრობით უპირისპირდებიან მავთულხლართებს, ზრუნავენ უკეთეს მომავალზე; აკეთებენ საქმეს, რითიც ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და ქმნიან წარმატების ისტორიებს.

„თუმცა ისინი არ არიან გამონაკლისი, არამედ სახე იმ ათასობით ადამიანისა, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობენ, ასეთივე გამბედაობით და შეუპოვრობით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებს და აჩვენებენ სამოქალაქო გმირობას. მე მინდა მათ დღეს მადლობა გადავუხადო და დავპირდე, რომ მომავალში სახელმწიფო გააგრძელებს და ახალ ეტაპზე აიყვანს პროგრამას, რომელიც ეხმარება მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას.  ასევე,   კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქალებს, მათ ინიციატივებსა და ძალისხმევას, რათა ჩვენ ერთობლივად, მეტი განვითარებით, მეტი განათლებითა და მშვიდობით დავძლიოთ ეს ხელოვნური ბარიკადები. ამაში მხარს გვიჭერენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით 8 აგვისტოს მომავალში, საქართველო მავთულხლართების გარეშე შეხვდება”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აქვე მან ისაუბრა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც  სხვა ბევრ სიახლესთან ერთად ქმნის სივრცეს ქალების აქტიური ჩართულობისთვის ყველა მიმართულებით დაგეგმილ საქმიანობაში.

“ჩვენ ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ ქალთა საინფორმაციო-საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ღია იქნება სამშვიდობო პროცესში აქტიური ქალებისა და ორგანიზაციებისათვის, შექმნის  რეგულარული კომუნიკაციის საშუალებას და  ქალთა ჩართულობის გაძლიერებას მოემსახურება.  ასევე, შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში წარვადგენთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას, მომზადდება სამოქმედო გეგმაც”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფელ ერგნეთის მკვიდრი ქალები, სამშვიდობო პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი ქალბატონები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავად  ვიდეოისტორიების გმირი ქალებიც, რომელთაც ომის შემდგომ, გასული 10 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.