მრგვალი მაგიდა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“

7 აგვისტო 2018
„10 წელია მიმდინარე ოკუპაცია ყოველდღიურობის მძიმე გამოწვევას წარმოადგენს ათასობით ადამიანისათვის ხელოვნური გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. დევნილები კვლავაც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. 60-ზე მეტი სოფელი ფიზიკურად გახლეჩილია ას კილომეტრამდე მავთულხლართებით. განსაკუთრებით რთული კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობაა. მზარდი იზოლაციისა და მილიტარიზაციის პირობებში, წლიდან წლამდე მძაფრდება რუსიფიკაციის ღია საფრთხის აღქმა ადგილობრივ მოსახლეობაში.

„ფაქტია, რომ დაყოფისა და დაშორიშორების ეს უხეში სტრატეგია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს გარდა, უფრო ფართო სამეზობლოშიც გამოიყენება, პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მუშაობს. ამასთან, ვითარება სულაც არ არის გაყინული. რეგულარული პროვოკაციული მოქმედებები, იქნება ეს ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვა, ადგილობრივების უკანანო დაკავება, თუ ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიცოცხლის ხელყოფაც კი, საბოლოოდ არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების და მათი ოჯახების, არამედ ყველას უსაფრთხოების და მშვიდობიანი მომავალის წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს, სრულიად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ  არსებული ვითარება არც ქართველების, არც ოსების და არც აფხაზების ინტერესებში არ შედის. ის ყველას გვზარალებს.  

„სწორედ ამიტომ და ამის სრული გაცნობიერებით, საქართველო დღეს დგამს ახალ, დინამიურ და პროაქტიულ ნაბიჯების სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც საფუძვლად უდევს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებები და მათი ბუნებრივი სწრაფვა მშვიდობის, განვითარებისa და უკეთესი მომავლისაკენ.   

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის სახელწოდებაც, მისი შინაარსიცა და სულისკვეთებაც. ამ ინიციატივას  ახლახან საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. გამოკვეთილია დაინტერესება საზოგადოებების დონეზე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ ინიციატივის ღია, მკაფიო და სოლიდური მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი საერთო, მშვიდობიანი ძალისხმევის წარმატების წინაპირობაა.  

„ინიციატივა კომპლექსურია და აერთიანებს ახალ, ქმედით, მათ შორის სტატუს ნეიტრალურ მექანიზმებს, იმისთვის, რომ ჰუმანიტარული და მოქნილი მიდგომებით გადაიჭრას კონკრეტული საკითხები და შეიქმნას კონსტრუქციული სივრცე ხალხთაშორის დიალოგის, ნდობის მშენებლობისა და შერიგებისათვის.  

„ინიციატივის სამ ძირითად მიმართულებას შორის, პირველი გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას გულისხმობს, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.  ვაჭრობა და საერთო ეკონომიკური ინტერესი არის მშვიდობის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წინაპირობა, გარდა იმისა, რომ ემსახურება ადამიანების კეთილდღეობის ზრდას და მათთვის ცხოვრების ღირსეული გარემოს შექმნას.

„მეორე მიმართულებაა ხარისხიანი განათლების მისაღებად დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ბედი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად და მონაწილეობა მიიღოს ერთიანი მომავლის მშენებლობაში.

„მესამე მიმართულება იმ სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა, რაც ქვეყნის განვითარების პროცესში და პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად იქმნება, მათ შორის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებით.

„დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროპულ ქაალაქებში ათასობით კილომეტრზე დაბრკოლებების გარეშე მოგზაურობენ,  ჩვენი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე მეტრში გადაადგილებას და მეზობლებთან ხელის ჩამორთმევას ვერ ახერხებს, ოკუპაციით დაშორიშორების გამო. ეს არის რეალობაც და სიმბოლოც აგვისტოს ომის შედეგებისა, რაც მეტყველებს მავთულხლართების პოლიტიკის უპერსპექტივობასა და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობაზე.

„ამ სამშვიდობო ხედვის და გეგმის განხორციელებისთვის, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი, საერთაშირისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა, განსაკუთრებით ხალხთაშორის კონტაქტების, ნდობის მშენებლობისა და დიალოგის მხარდაჭერის გზით, რადგან ეს არის ყველაზე საჭირო ინვესტიცია დღეს ხელოვნური დაბრკოლებების მშვიდობიანად დაძლევისათვის. 

„მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისათვის და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საერთო ძალისხმევით, მომავალში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც შევძლებთ  გიმასპინძლოთ საქართველოში მავთულხლართებს გარეშე.“  

ქეთევან ციხელაშვილი