„საერთაშორისო პარტნიორები აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში ერთსულოვნად უჭერენ მხარს ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“,- ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმ განცხადებებს, რომლებიც გასული ორი დღის განმავლობაში იქნა გაკეთებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
„საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათელია, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაა. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ რუსეთის მიერ ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას და არ შეეგუებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სტატუს-კვოს, რაც მძიმედ აისახება ადამიანების ცხოვრებაზე“.
„10 წლის შემდეგ კიდევ უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენი მთავარი პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას არ გააჩნია ალტერნატივა. ამიტომ პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს ჩვენს სწრაფვას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ნაბიჯებს, კერძოდ ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რადგან აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ ყველა განცხადებაში, რეზოლუციასა და გამოსვლაში განსაკუთრებით იყო ხაზგასმული სწორედ ამ ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობა და მის მიმართ სრული საერთაშორისო მხარდაჭერის მზაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის განხორციელებისათვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
სამშვიდობო ინიციატივის მიმართ მანამდე ღია მხარდაჭერა ასევე დაფიქსირდა
ნატოს სამიტის კომუნიკეში,
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და
ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
არაერთი ქვეყანა და ლიდერი გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა ინიციატივას, როგორც სამშვიდობო პროცესში წინგადადგმულ დინამიურ ნაბიჯს, რასაც აქვს პოტენციალი არსებითად შეუწყოს ხელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნდობის მშენებლობასა და დიალოგს გამყოფი ხაზების გასწვრივ და სამშვიდობო პროცესის წახალისებას კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმასშტაბიანი გადაჭრისათვის.
სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა, საქართველოს პარლამენტმა კი სამი მოსმენით ინიციატივასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ივნისში ერთხმად დაუჭირა მხარი.