ქეთევან ციხელაშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

11 აგვისტო 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად, 10 წლის წინ შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

სახელმწიფო მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და მათ სამაგალითო შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ვართ განსაკუთრებული გმირობის ადგილზე, რათა პატივი მივაგოთ იმ ჯარისკაცებს, რომელთაც საკუთარი სამშობლოსათვის თავი გასწირეს. ამ ბიჭებმა ჩაიდინეს გმირობა, რომლის მსგავსის შესახებ ალბათ ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს და რომელთა მხრებზეც გადაიარა ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა, ძალიან რთულმა ისტორიამ. სწორედ ასეთი გმირობების გამო არსებობს დღეს საქართველო.

"ამ ადგილას ყოველთვის ერთი და იგივე რამ უნდა ვთქვათ - იმ მიზნებს, რომელთაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს-ქვეყნის თავისუფლებასა და ერთიანობას, მივაღწევთ მშვიდობით, ისე, რომ აღარ დაიკარგოს ჩვენი რჩეული ვაჟკაცების სიცოცხლე და აღარ დაიღვაროს სისხლი.

"დღეს აქ ვნახეთ, რომ უკვე დაიწყო მემორიალის მშენებლობა, რაც ძალიან სიმბოლურია, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი მემორიალი მათ აქვთ ჩვენს ხსოვნასა და ჩვენს გულებში",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

17 სამხედროს გმირობის უკვდავსაყოფად, 17 ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის მშენებლობა, მოქანდაკის, ნუგზარ ჭავჭავაძის თქმით, უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება. ამისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 530 000 ლარი, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყო.

მოგვიანებით, შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა. ეპარქიის სამღვდელოებამ დაღუპულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა.